 ხელმძღვანელის საფიქრალი! თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში დღითიდღე იზრდება კონკურენცია ერთი მიკრორაიონის, რაიონსა თუ ქალაქის სასწავლო დაწესებულებებს შორის. რეფორმის სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოსწავლეებისათვის სკოლის ტერიტორიული პრინციპით შერჩევის გაუქმებამ, დაფინანსებისადმი ახლებურმა მიდგომამ - გაამძაფრეს კონკურენციული ვითარება. სკოლების ხელმძღვანელები, იძულებულნი გახდნენ აქტიურად იზრუნონ სასწავლო დაწესებულების რეიტინგზე და იმაზე, თუ რა უპირატესობა გააჩნიათ ან შესაქმნელი აქვთ კონკურენტებთან შედარებით. მხოლოდ ეეგ - ეს შედეგები, შიდა ინტერიერის შელამაზება, შენობის ფასადის შეღებვა და მისასვლელის კეთილმოწყობა უკვე საკმარისი არ არის მაღალი ავტორიტეტის მოსაპოვებლად. მშობელთა ნაწილს აღარ აკმაყოფილებს სწავლების შედეგების თაობაზე ინფორმაცია, მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სასწავლო დაწესებულების კომფორტულობა, დამატებითი და კლასგარეშე საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი მომსახურების ფართო არჩევანი, რომელიც განაპირობებს ბავშვის სურვილს - ისწავლოს ამ და არა სხვა სკოლაში. ხშირ შემთხვევაში სკოლის შერჩევის დროს მშობლები ინფორმაციას სკოლის შესახებ მოსწავლეებისგან ღებულობენ. მათი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ინფორმაცია ეყრდნობა პირად ემოციურ და არა ობიექტურ ხედვას. გარდა ამისა, სკოლის უარყოფით იმიჯს ხოლმე ნეგატივური ცნობების მოყვარული პრესა, ინფორმაციის სხვა საშუალებები და მათზე არანაკლებად ეფექტური ამბების გამავრცელებელი ”უკაბელო არხი” - ჭორი, ქმნიან. ამ სახის ინფორმაცია ძირითადად მშობლების და მოსწავლეების პედაგოგებთან და სასკოლო ადმინისტრაციასთან დაპირისპირებას ასახავს. ეს კი უარყოფითად მოქმედებს სასწავლო დაწესებულების იმიჯზე და ხელს უშლის მოსწავლეთა კონტინგენტის შევსებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებისა და მოსწავლეების არა მხოლოდ მომხრეებად, არამედ სკოლის განვითარებისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის თანამონაწილეებად ქცევა. ამ საქმეში დაწესებულების იმიჯი დიდ მნიშვნელობას იძენს. ის მუდმივ და კვალიფიცირებულ ზრუნვას ითხოვს.
რას წარმოადგენს სასწავლო დაწესებულების იმიჯი? სკოლის იმიჯი მისი სახეა, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგთა, მოსწავლეთა, მშობელთა და გარე სოციუმის სასწავლებლის მიმართ განწყობის ჩამოყალიბებას. სკოლის იმიჯის ფორმირების შემადგენელ კომპონენტებად უნდა ჩაითვალოს: სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხი, ადამიანებს შორის ურთიერთობების კულტურა, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთქმედების სახე, შენობა-ნაგებობის გარე იერი, შიდა ინტერიერის გაფორმება, თანამშრომელთა ქცევა, მანერები და ჩაცმულობის სტილიც კი. დადებითი იმიჯი სასურველ ემოციურ-ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს სკოლის საქმიანობაზე, ამ პროცესის ყველა მონაწილეზე - პედაგოგზე, მშობელზე, ბავშვზე, საზოგადოებაზე, აყალიბებს წარმატებული, კომფორტული სასწავლო დაწესებულების შთაბეჭდილებას.ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალ მოსულ ხელმძღვანელს ”მემკვიდრეობისა” ან ”დატოვებული მზითვების” სახით ხვდება სასწავლო დაწესებულების არასახარბიელო იმიჯი. ავტორიტეტის შელახვა - საკმაოდ სწრაფი, ხოლო მისი გამოსწორება ან შექმნა - ხანგრძლივი პროცესია. ვითარებაში გარკვევისათვის საჭიროა არსებული იმიჯის გაანალიზება და მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენის შედეგად ზეგავლენის მომხდენი გარე და შიდა ფაქტორების შეფასება. შემდეგი ნაბიჯია - დასკვნების გამოტანა და სუსტი მხარეების ძლიერად ქცევისათვის ღონისძიებების გატარება. იმიჯის ანალიზისა და ფორმირების დროს მნიშვნელოვანია მისი ორი რაკურსიდან - თვით სასწავლო დაწესებულების მოთხოვნების, და მეორე - მომხმარებელთა მოთხოვნილების პოზიციიდან დანახვა. სასწავლო დაწესებულების იმიჯზე მუშაობა საკუთარი ძალებით ჩასატარებელი კვლევით და შეფასებით იწყება. თუ დაინტერესებული ხართ რეალურად და არა ილუზორულად დაინახოთ და შეაფასოთ თქვენი სასწავლო დაწესებულების იმიჯი თვალ-ყური ადევნეთ ამ გვერდს. შემოგვეხმიანეთ და შემდგომ პუბლიკაციებში ჩვენი კონსულტანტები ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტავენ სასწავლო დაწესებულების და, თუ ისურვებთ, პირადად თქვენი, როგორც ხელმძღვანელის, იმიჯის ფორმირების ტექნოლოგიას. |