
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა” ამოქმედდება. ხელმოწერა რუსთავის №15 საჯარო სკოლაში გაიმართა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, USAID-ის წარმომადგენლები, პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, მასწავლებლები და მოსწავლეები.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამა (ACETT) ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ (პროექტი ჰარმონია), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს 9 რეგიონში და მოიცავს 500-მდე სკოლას. სკოლების შერჩევა მოხდება დიდ და პატარა ქალაქებსა და სოფლებში. ასევე შეირჩევიან ისეთი სკოლები, რომლებსაც წარსულში მიღებული აქვთ მონაწილეობა სამოქალაქო განვითარების პროექტებში. მოხდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადება დახმარება და წახალისება, ამოქმედდება მცირე გრანტების პროგრამა, როგორც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, შეიქმნება ინტერაქტიული ვებგვერდი და სოციალური ქსელები.
ღონისძიების ფარგლებში რუსთავის №15 სკოლის სამოქალაქო კლუბის - „მე - აქტიური მოქალაქე“ პრეზენტაცია გაიმართა, ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები სამოქალაქო თემატიკაზე (ფოტოები, პლაკატები, ნახატები). სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ნამუშევრებთან დაკავშირებით შეკითხვები პირდაპირ ავტორებისთვის დაესვათ.
|