 ერთმა ინგლისელმა თერაპევტმა გამოავლინა კანონზომიერი სტატისტიკა, მისი აზრით გულისა და სისხლძარღვის დაავადება უფრო ხშირია ადამიანთა შორის, რომელთა სახელი იწყება ანბანის ბოლო მესამედის ასოებით. შეგვხვედრია სხვა კურიოზული დაკვირვებაც, რომელთა ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ ლამაზი სახელის მატარებელ გოგონებს ურთულდებათ კარიერული ზრდა, ხოლო არამოხდენილი სახელის მატარებლებს ყმაწვილები იქცევიან ნაკლები ყურადღებით. ჩვენი აზრით ეს დასკვნები და შეხედულებები სუბიექტურია. შეუძლებელია განსაზღვრო და არც არავის დაუდგენია, რომელი სახელებია ლამაზი და რომელი არ გამოირჩევა ამით. ასევე გაუგებარია, თუ რით და როგორ შეიძლება შეუშალოს ადამიანის კარიერაში ჟღერადმა და მოხდენილმა სახელმა. ამჯერად მოდით დროებით გადავდოთ სახელებისა და მათი მნიშვნელობის განხილვა და ერთად ვიმსჯელოთ ბავშვისათვის სახელის შერჩევის მნიშვნელოვან პრინციპებზე. დაგვეთანხმებით, რომ ბავშვისათვის სახელის შერჩევისა და დარქმევის პროცესი არ არის მარტივი, საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ უძველესი დროიდან ნებისმიერ სახელს გააჩნია წარმოშობისა და მნიშვნელობის განმარტება, ყურადღებაც გაგიმახვილებიათ ამ განმარტებისა და ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების და მოვლენების დამთხვევაზე. ამიტომაც მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ სახელის გააზრებულად შერჩევა შვილის უღრუბლო მომავლის საწინდარია და ამ მიდგომით ხელმძღვანელობს ბავშვისათვის სახელის დარქმევის დროს. საქართველოში ერთ-ერთ წამყვან პრინციპად მიჩნეულია ბავშვისათვის პაპისა (ბაბუის) და ბებიის სახელის დარქმევის ტრადიცია. მაგრამ, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, ამგვარი მიდგომაც ყველაზე უპრობლემო არ არის. ახლობლების ნაწილი არ ეთანხმება, ზოგჯერ კი წინააღმდეგობას უწევს შერჩეული წინაპრის სახელის დარქმევას და ჯიუტად სხვა წინაპრის სახელს სთავაზობს. ამის გამო სიტუაცია უსიამოვნებამდე ან კონფლიქტამდეც კი მიდის. მშობელთა ნაწილს მიაჩნია: თუ წინაპარი იყო უიღბლო ან არა ჯანმრთელი და მას რთული ბედი ერგო, მისი სახელის დარქმევა ბავშვის მომავალზე ცუდი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს. ქრისტიანულ სამყაროში ბავშვისათვის სახელის დარქმევა ნათლობის დროსაა მიღებული. სახელი ირჩევა არა მხოლოდ მშობლის სურვილით, არამედ შეირჩევა წმინდანების სახელებიდან, რომელთაც მოიხსენიებს ეკლესია ბავშვის მონათვლის დროს. წმინდანი ხდება ადამიანის მფარველი და მორწმუნე ადამიანები აღნიშნავენ არა მარტო თავის დაბადების დღეს, არამედ მფარველი წმინდანის დღესაც, რომლის სახელსაც ისინი ატარებენ ნათლობიდან. არიან ისეთი კატეგორიის მშობლებიც, რომლებიც შვილს არქმევენ თავისი კუმირის, ცნობილი მოღვაწის ან საყვარელი ნაწარმოების პერსონაჟის სახელს. ასეთი მიდგომა ზოგჯერ აბსურდამდეც მიდის. არ დავიწყებთ იმ შემთხვევების განმეორებას, რომლებზედაც ხალხში უამრავი ანეკდოტური ისტორია ან ხუმრობა მოგვისმენია. ზოგ შემთხვევაში სახელის შერჩევის დროს მშობლები ავტორიტეტული ადამიანის სახელს ირჩევენ, ადამიანისა, რომელიც მათი აზრით, უამრავი ღირსეული თვისებების მატარებელია. ასეთ მშობლებს სურთ, რომ მათი შვილიც ამ თვისებებით იყოს დაჯილდოებული. მაგრამ ხშირად ვერ აღწევენ სანატრელ მიზანს, ვინაიდან ბავშვის აღზრდაში ქვეცნობიერად არაადეკვატური ხედვის საფუძველს დებენ, მერე კი უკვირთ, რომ განსხვავებულ შედეგს ღებულობენ. შემჩნეულია ერთი ტენდენციაც, რომელიც ბავშვებისათვის სახელების შერჩევაში პერიოდულად ვლინდება. მშობლების ნაწილი გარკვეული ციკლურობით აჰყვება ხოლმე სახელებზე მოდას. მიტომაცაა, რომ ბავშვების თაობებში პერიოდულად მეორდება ერთი და იგივე სახელების მცირე ჯგუფი. ხომ დაკვირვებიხართ, რომ ზოგჯერ კლასში ათეულ ბავშვს ერთი და იგივე სახელი ჰქვია. პერიოდულად საზოგადოების ნაწილში ჩნდება განსხვავებული, ორიგინალური ან იშვიათი სახელების დარქმევის მოთხოვნილება. აქაც უკიდურესობამდე მივდივართ: ისეთ სახელებს ვარქმევთ, რომ ყოველდღიურობაში შვილებს საერთოდ სხვა ან ხელოვნურად შექმნილი სახელებით მივმართავთ. საკმაოდ ხშირად ბავშვის გარემოცვისათვის გაუგებარი და უცნაური სახელის გამო თანატოლები ბავშვს დასცინიან ან სახელის დამახინჯებით შექმნილ დამამცირებელ ზედმეტსახელს არქმევენ, რის შედეგადაც ბავშვს გამოუმუშავდება კომპლექსები, საქმე მიდის იქამდე, რომ მას რცხვენია საკუთარი სახელის წარმოთქმა. განხილული პრინციპებისა და მიდგომების გარდა ძალიან ხშირად ბავშვის სახელის შერჩევა ხდება მარტივ ემოციაზე აგებული პრინციპით - ”მომწონს - არ მომწონს”, ანუ რამდენიმე მოსაწონ სახელიდან ამოირჩევა ერთი. ხშირია შემთხვევები, როდესაც დედის მონაწილეობით შერჩეულა ვითომდა ყველაზე მოსაწონი სახელი, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ბავშვის დანახვისთანავე დედას გასჩენია სახელის შეცვლის სურვილი. ამგვარ შემთხვევებზე ხალხში იტყვიან ხოლმე: ”ბავშვს თვითონ მოაქვს სახელი” და ამაშია ალბათ ხალხური სიბრძნე. ხომ გინახიათ ან დასწრებიხართ სცენას, როდესაც უკვე არც თუ პატარა ასაკის შვილი უცხადებს მშობლებს, რომ მას არ მოსწონს მისი სახელი და მიმართავს მშობლებს პრეტენზიით: ”ეს სახელი რატომ დამარქვით”. სიტუაცია კონფლიქტებამდეც კი მიდის. შესაძლებელია, ცხოვრებაში თქვენ შეგხვედრიათ ბავშვისათვის სახელის შერჩევის სხვა მიდგომაც. განხილულიდან გამომდინარე კი რა შეგვიძლია უთხრათ, საგულისხმო რა პრინციპები გაუზიაროთ მშობლებს: ნუ მიუდგებით ბავშვისათვის სახელის დარქმევის საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ტრაფარეტულად ან გადაჭარბებული ორიგინალურობის სურვილით. გახსოვდეთ, რომ შერჩეულმა სახელმა განსაკუთრებულად უნდა გამოკვეთოს თქვენი შვილის ინდივიდუალურობა, ხაზი გაუსვას მის უნიკალურ მახასიათებლებს, შეეფარდებოდეს და ასახავდეს მის ხასიათს, ანუ ყველა სხვა სახელზე მეტად უხდებოდეს მას. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, როგორ აღიქვავენ სახელის გამო თქვენ შვილს მომავალში მის გარემოცვაში, საზოგადოებაში, გასათვალისწინებელია აგრეთვე სახელის კეთილხმოვანება და გვართან მისი შესატყვისობა; რა სახელით მიმართავენ თქვენ შვილს თანატოლები ბავშვობაში და შემდგომ ასაკებში? შესაძლებელია, თუ არა, რომ შერჩეულ სახელს ჰქონდეს ბავშვის ასაკისათვის მორგებული შემოკლებული ვარიანტი. ნუ აჰყვებით მასიურ გატაცებას, სახელების მოდას, ნუ შეაჩერებთ თქვენ არჩევანს მხოლოდ გადამეტებულად გავრცელებულ სახელებზე. ფსიქოლოგების აზრით მიზანშეწონილია ბავშვს დაარქვათ საშუალოდ გავრცელებული სახელი, რომელიც გონივრულად შეითავსებს თქვენი შვილის ინდივიდუალობას საზოგადოებრივ ხედვასთან, მომავალში კი არ შეზღუდავს ადამიანის ქცევას საზოგადოებაში, არ შეუქმნის მას პირობით ჩარჩოებს. თუ თქვენ გიჭირთ ბავშვისათვის სახელის დამოუკიდებლად შერჩევა ან მომხრე ხართ ეკლესიური წესისა, მიბრძანდით ეკლესიაში და მიმართეთ მოძღვარს, ის დაგეხმარებათ თქვენი შვილისათვის სახელის შერჩევაში. შეურჩიეთ შვილს სახელი, რომელიც თქვენ გულთანაა ყველაზე ახლოს და გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახელს დაარქმევთ ბავშვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია - რა ზრუნვასა და სიყვარულს ჩადებთ მის აღზრდაში.
|