
დიდი ხნის განმავლობაში მისი წარმოების პროცესი დაკავშირებული იყო ვერცხლისწყალთან, მომწამლავ ნივთიერებასთან, რომელიც ზიანს აყენებდა დამამზადებლის ჯანმრთელობას. დღეს კი ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევა ვერცხლის და ალუმინის გამოყენება, რადგან მათი მეშვეობით მიიღება იდეალური გამოსახულება, ფერთა გამის შენარჩუნებითაც კი. საინტერესოა, რომ გამოსახულებაში იცვლება რეალური ობიექტის მარჯვენა და მარცხენა მხარე, თუმცა უცვლელი რჩება ზედა და ქვედა მხარეები. ამიტომაც არსებობს გამონათქვამი, რომ ის არის ერთადერთი ნივთი, რომელსაც თავდაყირა ვერ დავკიდებთ.
ვის ხედავს პირველად დილით საწოლიდან ახლად წამომდგარი ადამიანი? ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელნი, მივიჩქარით სააბაზანოში ხელ-პირის დასაბანად და ნიჟარის თავზე ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარ თავზე თვალის შესავლებლად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სარკე წმინდად ყოფით როლს ასრულებს - ეხმარება ადამიანს მოიყვანოს თავი წესრიგში. თუმცა პირველი მზერა, რომელიც დილით საკუთარ სახეს ხვდება, ფსიქოლოგების აზრით, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც თავისებური სახის ფსიქოლოგიური რიტუალი. საქმე იმაშია, რომ თითოეული ჩვენგანისთვის დამახასითებელია არსებობისა და შესაბამისად გარე სამყაროში საკუთარი ყოფიერების მტკიცებულებების პერმანენტული ძიების ღრმა მოთხოვნილება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს დროში იმატა უპიროვნო ურთიერთობების რიცხვმა, როცა ადამიანი აღიქმება არა როგორც პიროვნება, არამედ პირველ რიგში ხაზი ესმება მის სოციალურ როლს.
ათასი მზერა ხვდება ყოველდღიურად ჩვენს სახეს ისე, რომ ვერ ამჩნევს მასში პიროვნებას. ნათელია, რომ ამგვარად ჩვენი ძირითადი მოთხოვნილება რჩება დაუკმაყოფილებელი. სხვა ყველა მოთხოვნილებას ფსიქოლოგები განიხილავენ როგორც მეორადს, ნაწარმოებს. მართლაც, ჩვენ ხომ იმიტომ ვიღებთ საკვებს, ვზრუნავთ საცხოვრებელზე, ვმკურნალობთ ავადმყოფობისას რომ შევინარჩუნოთ ყოფიერება?! ნებისმიერი ცოცხალი არსებაც იმავეს აკეთებს, თუმცა ადამიანისთვის ეს არ არის საკმარისი. შესაბამისად იწერება გენიალური ნაწარმოებები, იქმნება ხელოვნების ნიმუშები, კეთდება მეცნიერული აღმოჩენები... ამით ადამიანები ამ სამყაროში მათი არსებობის ფაქტს უსვამენ ხაზს, ცდილობენ აღბეჭდონ საკუთარი თავი რაიმე ღირშესანიშნავით.
ფსიქოთერაპევტები აღნიშნავენ: როცა ეს ბუნებრივი ტენდენცია ბლოკირებულია, ადამიანი ნელ-ნელა იწყებს ჭკუიდან შეშლას. თუ კი ამ სამყაროში არაფერი არ ემსახურება მის თვითგამტკიცებას, ადამიანი რისკავს მიმართოს შეშლილობის უკიდურეს ფორმას - ის უბრალოდ საკუთარ თავს ვეღარ ცნობს სარკეში.
რასაკვირველია, ყველა არ არის მოწოდებული, რომ შექმნას უკვდავი შედევრი. ადამიანთა უმრავლესობის მიღწევები უფრო მოკრძალებულია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი სასარგებლო საქმე აძლევს ადამიანს საშუალებას დაეუფლოს საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირველ ნაბიჯს, ყოველ დღე არაცნობიერად ვდგამთ, ვდგებით რა სარკეში საკუთარი გამოსახულების პირისპირ- ეს ხომ ჩვენი არსებობის პირველი და ყველაზე აშკარა მტკიცებულებაა?! ასე რომ, არ უნდა დავემსგავსოთ შემთხვევით გამვლელს, რომელიც შეხვედრისთანავე მყისიერად, გულგრილად გვარიდებს თვალს. სწორედ ასეთი “გამჭვირვალე” მზერა არ გვწყვეტს ყველაზე მეტად გულს?! გვაიძულებს თავი არარაობად ვიგრძნოთ?! სარკეს კი შეუძლია გვაჩუქოს მეგობრული მზერა, აღიარებისა და სიმპატიის გამომხატველი.
ვიღაცამ შეიძლება ეს გადაჭარბებულად ჩათვალოს, რაკი მიღებულია, რომ სარკის ფუნქცია ძალიან უბრალოა- დაგვეხმაროს საკუთარი გარეგნობის შეფასებასა და თავის გალამაზებაში. ითვლება, რომ სწორედ ამიტომ უყვართ სარკე განსაკუთრებით მანდილოსნებს, როგორც საკუთარ გარეგნობაზე მუდმივად მზრუნავთ. თუმცა ეს გავრცელებული მოსაზრება უარყოფილ იქნა შვედი ფსიქოლოგების მიერ. სტოკჰოლმის ერთ-ერთ დიდ უნივერმაღში დაამონტაჟეს დიდი სარკე და ფარული კამერა. ფსიქოლოგების დაკვირვებით ერთი დღის განმავლობაში სარკეში ჩაიხედა 412 ქალბატონმა და 778 მამაკაცმა. მამაკაცები კი როგორც ვიცით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ გარეგნობას(ამას ადასტურებს მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა და ტესტი), მაგრამ მათ უფრო მეტად აქვთ გამოხატული თვითგანმტკიცების მოთხოვნილება. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სწორედ მამაკაცები უფრო ხშირად იყურებოდნენ სარკეში, არაცნობიერად ცდილობდნენ რა ასეთი ფორმით საკუთარ თავის წახალისებასა და საკუთარ თავში მეტი დარწმუნებულობის მოპოვებას.
ამრიგად ცხადია, რომ სათანადოდ უნდა დავაფასოთ საკუთარი სარკე. ჩვეულ სამსახურთან ერთად მას არანაკლები ფსიქოლოგიური სარგებლის მოტანა შეუძლია. ის მშვენივრად ასრულებს გულწრფელი დამხმარის, მრჩეველისა და ფსიქოთერაპევტის როლსაც კი. ფსიქოლოგები ასევე გვირჩევენ: სიბრაზის მომენტში ნუ იჩქარებთ რისხვის საკუთარ ახლობლებზე დატეხვას. უკეთესია მიხვიდეთ სარკესთან და დააკვირდეთ თქვენს დამახინჯებულ სახის ნაკვთებს. არასასიამოვნოა არა?! ამიტომ ეცადეთ მიიღოთ სახის უფრო „ადამიანური გამომეტყველება”. დაუთმობთ რა ამას მცირე ძალისხმევას, სულ მხოლოდ წუთნახევრის განმავლობაში, შეამჩნევთ, რომ გაღიზიანება მყისიერად ქრება.
სარკის წინ სასარგებლოა ნებისმიერი საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული სიტუაციის „რეპეტიციაც“. გეგმავთ თქვენ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოებას, ვინმეზე რაიმე თხოვნით მიმართვას? საინტერესოა, როგორი იქნება ამ დროს თქვენი გამომეტყველება - ღირსეული თუ დამცირებული, დამაჯერებელი თუ შეცბუნებული? ამის დადგენა ძალიან მარტივია- წარმოისახეთ სიტუაცია, მიდით სარკესთან და ჩაიხედეთ მასში. შეგიძლიათ ჩუმად ან ხმამაღლადაც კი წარმოთქვათ საკუთარი რეპლიკები და დააკვირდეთ, შეესაბამება თუ არა ნათქვამს სახის გამომეტყველება.
„შენ არ შეგიძლია მისი შეხება, მაგრამ ის განსაზღვრავს თუ როგორ იგრძნობ შენ თავს. შენ არ შეგიძლია მისი დანახვა, მაგრამ ის შეიძლება იყოს იქ, როცა შენ იყურები სარკეში. შენ არ გესმის მისი ხმა, მაგრამ ის იქაა, როცა შენ საუბრობ ან ფიქრობ საკუთარ თავზე.“ ხშირად ბედნიერების ოქროს ფორმულაზე საუბრისას სწორედ ამ იდუმალებით მოცულ და ძალიან მნიშვნელოვან კონსტრუქტზე საუბრობენ, რომელიც თვითშეფასების სახელწოდებითაა ცნობილი.
ფსიქოთერაპევტები ცდილობენ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით კლიენტის თვითშეფასების დონის გაზრდას. ქვემოთ აღწერილი ერთ-ერთ ცნობილი ტექნიკა სწორედ სარკის გამოყენებას ითვალისწინებს: ყოველ საღამოს დაწოლის წინ, დადექით სარკის წინ და მადლიერება გამოხატეთ საკუთარი თავის მიმართ ყველაფრის გამო, რაც დღის განმავლობაში შეასრულეთ. ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ თვალებში და ყურადღება გაამახვილეთ, იმაზე რომ სარკეში თქვენი გამოსახულების მზერაც თქვენსკენაა მომართული.
წარმოთქვით თქვენი სახელი და მადლობა გადაუხადეთ მას:
1. ნებისმიერი მიღწევისთვის(ბიზნესში, ფინანსებში, განათლებაში, პერსონალურ თუ ემოციურ სფეროში)
2.ნებისმიერი პერსონალური დისციპლინის დაურღვევლობის გამო(ვარჯიში, მედიატაცია, ლოცვები, ჯანსაღი კვება)
3. ნებისმიერი ცდუნებისგან თავის შეკავებისთვის(ტყუილის თქმა, ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქო და ა.შ)
შეინარჩუნეთ თვალების კონტაქტი სარკეში საკუთარ გამოსახულებასთან მთელი სავარჯიშოს განმავლობაში. როცა სისავსის განცდა დაგეუფლებათ საკუთარ თვალებში ცქერის შეუწყვეტელად, წარმოთქვით : „მე შენ მიყვარხარ“. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდექით გაუნძრევლად, რათა იგრძნოთ ამ სავარჯიშოს ზემოქმედება. მიეცით საშუალება გრძნობებს შემოიჭრას თქვენს სხეულში. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთადერთი ადამიანი სარკეში, რომელსაც ესმის მეორე ადამიანის სიტყვები: „მე შენ მიყვარხარ“. შესაძლოა იფიქროთ, რომ ყველაფერი ეს სასაცილოა, თავი დამნაშავედ, დარცხვენილად ან სულელადაც კი იგრძნოთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხოა საკუთარ თავის მიმართ აღიარების გამოხატვა.
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამ სავარჯიშოს, მით უფრო უკეთ ვიგრძნობთ თავს. და აქვე დასძენენ, რომ არ ვირწმუნოთ მათი რჩევა. სჯობს თავად გამოვსცადოთ ის.
ფსიქოლოგიაში ასევე იყენებენ სარკის ტესტს ბავშვებში თვითცნობიერების დასადგენად. ბავშვებს ცხვირზე უსვამენ წითელ საღებავს და აყენებენ სარკის წინ. თუ ბავშვის საპასუხო რეაქცია სარკეზე ხელის შეხებაა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათ არ აქვთ თვითცნობიერება. თუ ისინი ცხვირზე იკიდებენ ხელს ე.ი. მათ უკვე შეუძლიათ სარკეში საკუთარი გამოსახულების იდენტიფიკაცია. ამ მეთოდის საშუალებით დადგინდა, რომ თვითცნობიერება მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპია, რომელსაც ჩვეულებრივ 2 წლის ასაკში აღწევენ ბავშვები.
გარდა ამისა არსებობს სარკისებური თერაპია, რომელიც თავდაპირველად ფანტომური ტკივილის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, დღეს კი ინსულტის შედეგად კიდურების მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების კომპლექსური რეაბილიტაციისთვისაც გამოიყენება. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: ავადმყოფის წინაშე სარკეს ისე დგამენ, რომ მასში აისახება ჯანმრთელი კიდური. ამრიგად მხედველობით კონტროლს ექვემდებარება მხოლოდ ჯანმრთელი კიდური და მისი გამოსახულება, რაც ავადმყოფს უქმნის მხედველობით ილუზიას, რომ ორივე კიდური ნორმალურად ფუნქციონირებს. სარკეში ჯანმრთელი კიდურის გამოსახულებაზე დაკვირვება ასტიმულირებს დაზიანებული თავის ტვინის ნახევარსფეროს ქერქის აქტივაციას, ასე კი რეაბილიტაციის ტემპი ჩქარდება. ამ მეთოდის ეფექტურობის შესწავლა ჯერ კიდევ გრძელდება.
დაბოლოს, როგორც ვნახეთ „ნივთი, რომელსაც უყურებ და ვერ ხედავ“ საკმაოდ მნიშვნელოვან და სასარგებლო ფუნქციებს ასრულებს. რაც უმთავრესია, ფსიქოლოგების აზრით მას შეუძლია გვაჩვენოს ის, რისი დანახვაც ჩვენ გვსურს მასში. არჩევანი კი ჩვენზეა: გვინდა, რომ სამყაროთი და საკუთარი თავით უკმაყოფილო თუ საკუთარ თავში დარწმუნებული, ბედნიერი ადამიანი გვიჩვენოს სარკემ?
|