.jpg)
შიშისა და განუსაზღვრელობის შემცირება არ არის ერთად-ერთი მიზეზი თუ რატომ უნდათ ადამიანებს სხვებთან ერთად ყოფნა. სოციალურ ფსიქოლოგიაში არის იმ სიკეთის ტიპოლოგიის ცდა, რომელსაც იღებენ ინდივიდები სოციალური ურთიერთობებიდან. აფილიაციის მოთხოვნების საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა ვაისმა.
მან ჩამოთვალა ექვსი ბაზისური “სოციალური ურთიერთობის შედეგი” (Robert Weiss, 1974).
1. უშუალო მჭიდრო კავშირი არის უშიშროებისა და კომფორტის გრძნობა, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი მჭიდრო ურთიერთობები. ბავშვი მჭიდროდაა კავშირში მშობელთან; მოზრდილები ასეთ ინტიმურობას განიცდიან მეუღლისადმი, მეგობრებისადმი.
2. სოციალური ინტეგრაცია არის გაზიარებული ინტერესების და ატიტუდების ქონა. ეს ხშირად უზრუნველყოფილია ურთიერთობებით მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ერთი გუნდის წევრებთან, ეკლესიასთან, მეზობლებთან და ა.შ. ასეთი ურთიერთობები მიუთითებენ კომპანიონობაზე და იძლევა სოციუმისადმი მიკუთვნების გრძნობას;
3. ღირსების დაცვა უზრუნველყოფილია როცა სხვები მხარს უჭერენ ჩვენს გრძნობას რომ ვართ კომპეტენტურნი და მნიშვნელობის მქონე ინდივიდები;
4. სანდო კავშირის გრძნობა გულისხმობს იმის ცოდნას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარებიან;
5. ხელმძღვანელობა უზრუნველყოფილია კონსულტანტების, მასწავლებლების, ექიმების, მეგობრების და სხვათა მიერ რომლებსაც მივმართავთ რჩევისა და ინფორმაციისათვის;
6. მზრუნველობის შესაძლებლობა არის მაშინ, როდესაც პასუხისმგებელნი ვართ სხვა პირების კეთილდღეობისათვის. სხვებისათვის ზრუნვა უზრუნველყოფს ჩვენს გრძნობას, რომ საჭირონი და მნიშვნელოვანნი ვართ.
ცნობილია სოციალური ურთიერთობების სიკეთის განსხვავებული ტიპოლოგიაც, სადაც ხაზგასმა კეთდება პიროვნული ურთიერთობების განსხვავებულ ფუნქციებზე. ზოგიერთი მკვლევარი დაინტერესებულია იმით, თუ რა წვლილი შეაქვს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს ფსიქიკური და ფიზიკური ჯან-მრთელობის საქმეში, ამ ასპექტით დომინირებულია სოციალური მხარდაჭერის ცნება. მიუთითებენ სოციალური მხარდაჭერის განსხვავებულ სახეებზე: ინსტრუმენტალური მხარდაჭერა- იგულისხმება ფინანსური ან სხვა სიკეთით მხარდაჭერა ან მომსახურეობითი დახმარება და ინფორმაციული მხარდაჭერა -სახელმძღვანელოებით, რჩევებით და სასარგებლო ინფორმაციით მხარდაჭერა.
დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდობით ადამიანებიდან თითოეულს ჩვენგანს ურთიერთობა აქვს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილთან. ჩვენ ტენდენცია გვაქვს შევზღუდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს იმ ცოდნით, რაც გვაქვს მათ შესახებ მოცემულ მომენტში. იმ მცირე ნაწილიდან ადამიანებისა ვისაც ვხვდებით ჩვენ სელექციას ვახდენთ თუ ვისთან დავამყაროთ მეტნაკლებად მჭიდრო ურთიერთობა. დგება საკითხი რის საფუძველზე ვახდენთ შერჩევას თუ ვინ უნდა ვიცოდეთ და ვისი იგნორირება მოვახდინოთ? სოციალურ ფსიქოლოგიაში ეს საკითხი განიხილება ინტერპერსონალური მიზიდვის პრობლემატიკაში.
წყარო: რ. ქვარცხავა , „სოციალური ფსიქოლოგია“
|