
ზოგიერთ ადამიანს უარყოფითი მე-კონცეფცია აქვს, რომელიც შეიძლება ასევე დავახასიათოთ, როგორც დაბალი თვითშეფასება.
ადამიანის თვითშეფასება წარმოადგენს მე-ს გენერალიზებულ შეფასებას. თვითშეფასებას შეუძლია ძლიერი გავლენის მოხდენა აზრებზე, გუნება-განწყობილებასა და ქცევაზე.
დაბალი თვითშეფასება, ნაწილობრივ, შეიძლება დახასიათდეს, როგორც მე-ს შესახებ ნაკლები დარწმუნებულობა. როდესაც მაღალი და დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდებს სთხოვეს, შეეფასებინათ საკუთარი თავი რამდენიმე ნიშნის განზომილებების მიხედვით (მაგალითად, ლოგიკური, ინტელექტუალური და მიმზიდველი), როგორც მოსალოდნელი იყო, დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდებმა საკუთარ თავს მთლიანობაში უფრო დაბალი შეფასებები მისცეს (Baumgardner,1990), თუმცა, როდესაც მათ თავისი შეფასებების ზედა და ქვედა საზღვრების ჩამოყალიბებაც სთხოვეს, დაბალი თვითშეფასების მონაწილეებმა უფრო ფართო დიაპაზონი მიუთითეს _ მათ მე-ს ნაკლებად ზუსტი განცდა ჰქონდათ, ვიდრე მაღალი თვითშეფასების მქონე მონაწილეებს. ასე რომ, დაბალი თვითშეფასების ფენომენის ნაწილი შესაძლებელია იყოს გრძნობა, რომ თქვენ უბრალოდ ბევრი არ იცით თქვენი მე-ს შესახებ, რაც აძნელებს იმის წინასწარმეტყველებას, მიაღწევს თუ არა ადამიანი წარმატებას ცხოვრებისეულ მისწრაფებებში. თვალსაჩინოა, რომ ადამიანების უმეტესობა ძალიან ცდილობს თვითშეფასების და მე-ს კონცეფციის ინტეგრირებულობის შენარჩუნებას (Steele,1988). ადამიანები თვითგაუმჯობესების მრავალ ფორმას მიმართავენ (Banaji & Prentice, 1994).. მაგალითად, როდესაც თქვენ ეჭვი გეპარებათ დავალების შესრულების საკუთარ უნარში, შესაძლებელია, თვითუუნარობის ქცევას მიმართოთ. თქვენ შეგნებულად უწევთ საბოტაჟს საკუთარ ქმედებას! ამ სტრატეგიის მიზანია, წარუმატებლობის შემთხვევაში გქონდეთ გამზადებული საპატიო მიზეზი, რომელიც არ გულისხმობს უნარის ნაკლებობას (Higgins et al., 1990; Jones & Berglas, 1978). ასე რომ, თუ გეშინიათ იმის გაგება, იცით თუ არა ის, რაც საჭიროა მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარებისათვის, შეიძლება მეცადინეობის ნაცვლად მეგობრებთან გაატაროთ დრო. ამ გზით თუ თქვენ წარმატებას არ მიაღწევთ, შეგეძლებათ ამის მცირე ძალისხმევაზე გადაბრალება, იმის გამორკვევის გარეშე, გქონდათ თუ არა სინამდვილეში წარმატების მიღწევის უნარი.
თვითუუნარობის ფენომენი, ასევე, მიგვითითებს, რომ თვითშეფასების მნიშვნელოვანი ასპექტები თვითპრეზენტაციასთანაა დაკავშირებული. თვითუუნარობა უფრო მეტად არის მოსალოდნელი მაშინ, როდესაც ადამიანებმა იციან, რომ შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება (Self, 1990). ასეა თუ ისე, როგორ უნდა იფიქროს ვინმემ ცუდად თქვენ შესახებ, როდესაც წინააღმდეგობა, რომელიც თქვენ შეგხვდათ, ესოდენ თვალსაჩინოა? თვითპრეზენტაციის მსგავსი საკითხები გვეხმარება, ავხსნათ მაღალი და დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდებს შორის ქცევითი განსხვავებები (Baumeister et al., 1989).
მაღალი თვითშეფასების ადამიანები სამყაროს საკუთარ თავს წარუდგენენ, როგორც ამბიციურ, აგრესიულ, რისკზე წამსვლელ ადამიანს; დაბალი თვითშეფასების ადამიანები კი _ როგორც ფრთხილს და წინდახედულს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია განკუთვნილია საჯაროდ წარდგენისთვის, ანუ მისი ე.წ. “მომხმარებელი” საზოგადოება უნდა იყოს. ეს შედეგი გასაგებია თვითპრეზენტაციის თვალსაზრისით. მაღალი თვითშეფასების ადამიანებს შეიძლება სურდეთ ისე გამოჩნდნენ, თითქოს წარმატებას ძალიან მცირე მომზადების შედეგადაც კი აღწევენ (ჩემნაირ ადამიანს არ სჭირდება ვარჯიში!) და თუკი ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, შეიძლება კვლავაც მიმართონ თვითუუნარობას (თქვენ ხომ ნახეთ, რა ცოტა ვივარჯიშე!).
|