
განწყობის პრობლემის დაყენება
1. მოცულობის ილუზია. კვლევის სუბიექტს აწოდებენ ორ ბურთულას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება მოცულობით, მაგ. მარცხენა ხელში ნაკლები მოცულობის ბურთულას, ხოლო მარჯვენა ხელში - მეტი მოცულობისას. დაახ. 10-15 გამეორების შემდეგ კვლევის სუბიექტს აწოდებენ ორი თანაბარი მოცულობის ბურთულას და თხოვენ მათი მოცულობის შეფასებას. როგორც წესი, სუბიექტი ვერ ამჩნევს იმას, რომ ეს ბურთულები თანაბარია მოცულობით. ამავე დროს, უმეტეს შემთხვევაში შეცდომა მატულობს კონტრასტულობის მიმართულებით - კვლევის სუბიექტს უფრო მეტი მოცულობის ეჩვენება სწორედ იმ ხელში მყოფი ბურთულა, რომელშიც წინა განმეორებითი ცდების დროს ნაკლები მოცულობის მქონე ბურთულა ეჭირა. ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული არა მხოლოდ შეგრძნებითი, არამედ აგრეთვე მხედველობითი აღქმის შემთხვევაში. ასე იქმნება მოცულობის ილუზია.
2. წნევის ძალის ილუზია. კვლევის სუბიექტს ბერესტეზიომეტრის მეშვეობით მოაქცევდნენ მორიგეობით ჯერ მაღალი და შემდეგ დაბალი წნევის ზეგავლენის ქვეშ. ეს პროცესი 10-15-ჯერ მეორდებოდა. შემდეგ მას მოაქცევდნენ ამჯერად ორჯერ თანაბარი წნევის ზეგავლენის ქვეშ. უმეტეს შემთხვევაში შედეგად კვლევის სუბიექტი ამ ორი წნევის ზეგავლენას განსხვავებულად აღიქვამდა და თანაც მას პირველ შემთხვევაში უფრო სუსტი წნევის ზეგავლენა ეჩვენება ვიდრე მეორე შემთხვევაში. შესაბამისად, იგივე ეფექტს აქვს ადგილი სრულიად სხვა სახის რეცეპტორების გაღიზიანების დროსაც.
3. სმენის ილუზია. ანალოგიურ შემთხვევას აქვს ადგილი სმენის აპარატზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემთხვევაში: კვლევის სუბიექტს ჯერ 10-15- ჯერ განმეორებით ე.წ. „ვარდნითი აპარატის“ (Fallaparat) მეშვეობით აწოდებდნენ ორ სმენით გამაღიზიანებელს, რომელთა შორის პირველი ინტენსივობით მეორეს საგრძნობლად აჭარბებდა. შემდეგ ხდებოდა ორი თანაბარი პარამეტრის მქონე სმენითი გამაღიზიანებლის მიწოდება. აქაც უმეტესი სუბიექტი ამ ორ გამაღიზიანებელს სხვადასხვა ინტენსივობის მქონედ აღიქვამდა.
4. განათების ილუზია. როდესაც კვლევის სუბიექტს 10-15- ჯერ განმეორებით აჩვენებდნენ ჯერ ბნელ, ხოლო შემდეგ უფრო ნათელ წრეწირს. ამის შემდეგ ხდებოდა მორიგეობით ერთნაირი სიკაშკაშის მქონე წრეწირის ჩვენება. ამ შემთხვევაშიც, კვლევის სუბიექტი ამ ორ წრეწირს განსხვავებული სიკაშკაშის მქონედ აღიქვამდა.
5. რაოდენობის ილუზია. როდესაც კვლევის სუბიექტს 10-15- ჯერ განმეორებით უჩვენებდენ ორ წრეწირს, რომელთაგან პირველი შეიცავდა ბევრად უფრო მეტი რაოდენობის წერტილებს, ვიდრე - მეორე. როდესაც საბოლოოდ ხდებოდა ორი თანაბარი რაოდენობის მქონე წრეწირის წარდგენა კვლევის სუბიექტი მათ არათანაბარი რაოდენობის წერტილების შემცველად აღიქვამდა.
6. წონის ილუზია. თუკი კვლევის სუბიექტს 10-15- ჯერ განმეორებით მივაწოდებთ ერთ ხელში უფრო მძიმე, ხოლო მეორე ხელში უფრო მსუბუქ საგანს, ხოლო შემდეგ ორივე ხელში მორიგეობით მივაწოდებთ თანაბარი წონის მქონე საგანს ეს უკანასკნელი საგნებს აღიქვამს როგორც განსხვავებული წონის მქონეს. ამ დროს ფრო მძიმედ მას იმ ხელში დაჭერილი საგანი ეჩვენება, რომელშიც ადრე უფრო მსუბუქ საგანს აწოდებდნენ. უზნაძის მიხედვით ყველა ზემოთ აღნიშნულ ფენომენს საფუძვლად უდევს ე.წ. „განწყობა“.
რა საერთო აქვს ყველა ზემოთ აღნიშნულ ექსპერიმენტს, რომლებიც სულ სხვადასხვა რეცეპტორების და შესაბამისად გამაღიზიანებლების გამოყენებისას, მაინც ანალოგიურ შედეგს გვაძლევს? ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს წინასწარ ექსპოზიციებს. გამაღიზიანებლის განმეორებით მიწოდებს შემდეგ კვლევის სუბიექტს გამოუმუშავდება გარკვეული შინაგანი მდგომარეობა, რომელიც შეამზადებს მას მომდევნო ექსპოზიციების აღსაქმელად. ეს ფაქტი ნათლად დასტურდება თუნდაც იმით, რომ თუკი ექსპერიმენტიდან ამოვიღებთ კვლევის სუბიექტის 10-15- ჯერ წინასწარ ექსპოზიციას იგი ადეკვატურად აღიქვამს სინამდვილეს ნებისმიერი გამაღიზიანებლის ზემოქმედების შემდეგ. ყველაზე საინტერესოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ თუკი ანალოგიური ექსპერიმენტებს ჩავატარებთ ხოლო დამატებით, 10-15- ჯერ განმეორებითი ექსპოზიციის შემდეგ კვლევის სუბიექტს ჰიპნოზის ზეგავლენის ქვეშ მოვაქცევთ და მხოლოდ შემდეგ მოვახდენთ საბოლოო ექსპოზიციას, ეს უკანასკნელი (მიუხედავად იმისა, რომ ჰიპნოზის შემდეგ მას წინა ექსპოზიციების ზეგავლენა არ ახსოვს) მაინც ვერ აღიქვავს გამაღიზიანებლების ზემოქმედებას ადეკვატურად. ე.ი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, იცის თუ არა კვლევის სუბიექტმა წინა ექსპოზიციების სერიის ჩატარების შესახებ. შესაბამისად საქმე გვაქვს ისეთ პროცესთან, რომელიც არსებობს თითქოს ცნობიერების გარეთ და რომელიც ზეგავლენას ახდენს ამ უკანასკნელის (ცნობიერების) მდგომარეობაზე. ეს არის პროცესი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ განწყობა და რომელიც წარმოადგენს სუბიექტის ერთიან მდგომარეობას და ამავე დროს მის დინამიურ (ცვალებად) განსაზღვრულობას. სხვანაირად რომ ჩამოვაყალიბოთ, განწყობა არის ორგანიზმის, როგორც ერთიანი მთლიანის მდგომარეობა (და არა მასზე კონკრეტული ზეგავლენის განცდის ფორმა), მისი პირველადი რეაქცია იმ სიტუაციის ზეგავლენაზე, რომელშიც უწევს არსებობა და წამოჭრილი ამოცანების გადაჭრა. განწყობის მოვლენა ნათლად უჩვენებს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმში ადგილი აქვს არა მარტო უშუალოდ ცნობიერების, არამედ „ცნობიერბამდელ“ პროცესებს რომლებიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ჩვენი განწყობების არე. უნდა აღინიშნოს, რომ უზნაძის თეორიამ სათანადო ადგილი დაიმკვიდრა ფსიქოლოგიის გარდა მეცნიერების ისეთი დარგებშიც, როგორიცაა ფილოსოფია, პედაგოგიკა, საზოგადოებათ მცოდნეობა და სხვ.
- Узнадзе, Д.Н., 1966. Психологические исследования. М.: Наука.
- შ.საძაგლიშვილი, მ.გედევანიშვილი, თ.ბერძენიშვილი. “სწავლის ცნება და განწყობის თეორია”
|