
სამყაროს მოწესრიგების ერთ-ერთ გამოვლინებად, ადამიანების სახელმწიფოებში გაერთიანება ჩავთვალოთ. ნორმა, კანონი, დანაშაულზე სასჯელი.. ადამიანები არეგულირებენ საკუთარ (ან ერთმანეთის) ცხოვრებას და ამისთვის პოლიტიკას იყენებს (როგორც სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას). რა ხარისხითაც არ უნდა გვჯეროდეს, რომ პოლიტიკა „ბინძური“ საქმეა“, მაინც გვიწევს ამ საქმით დაკავება. ან ამ საქმით დაკავებული ადამიანებისთვის საკუთარი უფლებების მინდობა. ავტორიტარიზმს რომ დემოკრატია სჯობს, ფაქტია. მოჩვენებით დემოკრატიას რომ „მორალური პოლიტიკოსების“ მიერ განხორციელებული დემოკრატია სჯობს, ამის დაჯერებაა საჭირო.
ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, იმანუელ კანტი ამხელდა (ასევთქვათ) პოლიტიკოსების მიერ, მასების დასამორჩილებლად, გამოსაყენებელ ხერხებს. კანტის წიგნებიდან ყველაზე გაყიდვად ტრაქტატში „საყოველთაო მშვიდობისათვის“, ფილოსოფოსი რჩევებს აძლევს პოლიტიკოსებს;
„1 Fac at excusa_ ნუ გაუშვებ ხელიდან დაპყრობის ხელსაყრელ შემთხვევას(ეს ეხება, როგორც საკუთარ, ისე სხვა, მეზობელ ხალხებს) დაპყრობის შემდეგ, თავის მართლება ან ძალმომრეობის შენიღბვა გარეგნულად საპატიო საბაბით, გაცილებით ადვილია და კარგადაც გამოგივა. 2. Si fecisti, nega_ უარყავი შენი დანაშაული იმ ბოროტმოქმედებაში, რომელიც თავად ჩაიდინე. მაგ. როცა შენს ხალხს სასოს წარუკვეთ და აჯანყებამდე მიიყვან, ამტკიცე, რომ ეს ქვეშევრდომთა ბრალია. 3. Divide et impera_ თუ შენს ხალხში არიან პრივილეგირებული, ძალაუფლების მქონე პირები, ვინც მესვეურად აგირჩიეს, მათში დათესე შუღლი და ხალხს წაჰკიდე. შემდეგ გამოექომაგე ხალხს, დაჰპირდი მეტ თავისუფლებას და ყველა შენს ნებაზე ივლის.“ კანტი იქვე ასკვნის, რომ ასეთი პოლიტიკური მაქსიმების გახმაურება არ ქმნის პრობლემას, ისინი ისედაც ყველამ იცის. პრობლემას ქმნის მარცხი, რომელსაც განიცდის ზოგიერთი პოლიტიკოსი, ამ-ძირითადი წესების გამოყენებისას.
სწორედ ამ და მსგავსი მაქსიმების გამოყენებით ცდილობენ პოლიტიკოსები (პარტიული ან ინდივიდუალური) მიზნების მიღწევას.
ნიკოლო მაკიაველი ნაშრომში „მთავარი“ ამბობს, რომ მიზანი (ვთქვათ, ერის კეთილდღეობის მიღწევა) ამართლებს ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას (ომს, სისხლისღვრას, ტყუილს..). მაკიაველი პოლიტიკაზე საუბრობს. მიზნით საშუალების გამართლება, სხვა სფეროებში ისეთივე ეფექტური არ არის, როგორც პოლიტიკაში. თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზეც უნდა შეირჩეს ისეთი მორალური მიზანი, რომელითაც თამამად შევძლებთ საშუალებების გამართლებას.
პოლიტიკის და მორალის ურთიერთობაზე საუბრისას კანტი ორ მიმართულებას გამოყოფს; ერთ შემთხვევაში პოლიტიკის ინტერესებთან მორალის შეთავსება ხდება ან მეორე- პოლიტიკა ექვემდებარება მორალს. პირველს „პოლიტიკური მორალისტები“ ავლენენ. ისინი ცდილობენ მორალური პრინციპები მოარგონ პოლიტიკურ მიზნებს და იქ იწყებენ მოქმედებას, სადაც (მეორე) „მორალური პოლიტიკოსები“ ჩერდებიან. ფილოსოფოსს პოლიტიკისა და მორალის ნამდვილი ერთობის წინაპირობად საჯაროობა, საფუძვლად კი სამართალი მიაჩნდა. საკუთარ თავში აღმოჩენილი მორალური კანონით გაოცებული კანტი მორალური ქცევის განმსაზღვრელად, პიროვნების შიგნიდან მომავალ ბრძანებას მიიჩნევდა და გამოყოფდა ე.წ კატეგორიულ იმპერატივებს(ბრძანება); „მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს-მხოლოდ საშულება“ ან „მოიქეცი მუდამ ისე, რომ შენი ნების წესი საყოველთაო კანონმდებლობის პრინციპადაც იქცეს“
კანტის კატეგორიული იმპერატივი უნივერსალურია და ნებისმიერი სქესის, მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობის პოლიტიკოსს (მო)ერგება. მორალური მიზნებით იხელმძღვანელეთ პოლიტიკოსებო, რადგან მხოლოდ ღირსეული მიზანი ამართლებს საშუალებას და ხშირად ღირსეული მიზანი არ ითხოვს ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომელთა გამართლებაა საჭირო.
გამოყენებული ლიტერატურა;
1. არსენი გულიგა -"კანტი". 1986წ. გამომცემლობა ნაკადული |