 სტიგმა ძველბერძნული სიტყვაა, ჯერ კიდევ მონათმფლობელობის დროინდელი. იგი თავდაპირველად იმ “დამღას” აღნიშნავდა, რომელსაც პატრონი მონას სხეულზე ადებდა.
სტიგმატიზაცია ყველა დროში ნებისმიერი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა _ შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური. ჩვენ ადვილად შეგვიძლია განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვგავს, ან მისი რატომღაც გვეშინია, ან მას არ ვთვლით საზოგადოების ღირსეულ წევრად. სტიგმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალური დამღა, დადაღვა, რომელსაც პიროვნებას საზოგადოება ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად `ადებს; ასეთ ადამიანებს მით უფრო უგულებელყოფენ, რაც უფრო განსხვავდება მათი ყოფაქცევა ე.წ. "ნორმისაგან”.
სტიგმის გამოვლინების ფორმები:
· კულტურული სტიგმა (ხაზი გაესმის მახასიათებლებს გარკვეული კულტურული კუთვნილების მიხედვით);
· ინსტიტუციური სტიგმა (როდესაც სტიგმატიზაციას ხელს უწყობენ ინსტიტუციური ორგანოები);
· პიროვნებათშორისი (ინტერპერსონალური) სტიგმა;
· შინაგანი სტიგმა.
როგოც წესი, სტიგმას ორი მხარე აქვს : შინაგანი და გარეგანი.
გარეგანი სტიგმის გამოვლინებებია:
· ადამიანის მიერ იმის მტკიცება, რომ არ მიეკუთვნება ამ (სტიგმატიზებულ) ჯგუფს;
· ღირსების შემლახავი გამოთქმები;
· ამ ჯგუფის წარმომადგენლებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
· შიში (დაინფიცირების, ძალადობის);
· „მენტორული“ დამოკიდებულება;
· მოცემული ჯგუფის წარმომადგენლების აზრების იგნორირება.
შინაგანი სტიგმა - ეს არის სტიგმა იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც ადამიანი თავად მიეკუთვნება და, შესაბამისად, მისი გამოვლინებებია:
· საკუთარი არასრულფასოვნებისა და ნაკლოვანების განცდა;
· მცდელობა დაამტკიცო, რომ შენ უკეთესი ხარ, ვიდრე სტიგმატიზებული ჯგუფის სხვა წარმომადგენლები;
· მოცემული ჯგუფის წევრებთან ურთიერთობის დამყარების სირთულე;
· დისკრიმინაციის, ზოგჯერ დაუსაბუთებელი შიში;
· უძლურების, მოცემულ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის განცდა.
ლიტერატურა
1. ლ. სურმანიძე. კულტურის სოციოლოგია. რიდერი
|